თამარ ქალდანი - შანტაჟის საკითხებს წერტილი უნდა დაესვას
თამარ ქალდანი - შანტაჟის საკითხებს წერტილი უნდა დაესვას

ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა განაცხადა.

„რამდენიმე წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიო პასუხი გასცა პირადი ცხოვრების შანტაჟისა და მანიპულირების საკითხს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინც თუნდაც გაუფრთხილებლად, მით უმეტეს თუ განზრახ ავრცელებს მსგავს ჩანაწერებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ ასეთი ტიპის დანაშაულებების თანამონაწილე და ვურჩევდი, რომ დაუდასტურებელ, შეუმოწმებელ ვიდეოებთან დაკავშირებით კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებასგან როგორც ფართო საზოგადოების, ასევე კონკრეტული ადამიანების, ინდივიდების ინტერესების დაცვის მიზნით, თავი შეიკავონ“,- განაცხადა ქალდანმა.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ შანტაჟის საკითხებს წერტილი უნდა დაესვას.

„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია დავით ჭიჭინაძესთან, სხვა პირებთანაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ.

ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს, იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება მყისიერი.

ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ ამ შანტაჟის საკითხებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის, სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს“,- განაცხადა თამარ ქალდანმა.