თამარ მახარობლიშვილი - ადამიანებმა არ იციან, ბულინგი რას ნიშნავს, შესაბამისად, არაადეკვატურად რეაგირებენ
თამარ მახარობლიშვილი - ადამიანებმა არ იციან, ბულინგი რას ნიშნავს, შესაბამისად, არაადეკვატურად რეაგირებენ

საზოგადოება ინფორმირებული არ არის და ადამიანებმა არ იციან, ბულინგი რას ნიშნავს. შესაბამისად, არაადეკვატურად რეაგირებენ, – ამის შესახებ 53-ე საჯარო სკოლის მანდატურმა თამარ მახარობლიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ჩაგვრა, ბულინგი ძალიან რთული აღმოსაჩენია და ამ პროცესში ყველა უნდა იყოს ჩართული – საზოგადოების წევრები, სკოლის დირექცია, მასწავლებელი, მოსწავლე და ა.შ.“ – განაცხადა მანდატურმა.

მისი თქმით, ბულინგთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეების მანდატურებისთვის მიმართვიანობა ძალიან მცირეა.

„სამწუხაროდ, ბულინგთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეები ხშირად არ მოგვმართავენ. თუმცა, ამის შემთხვევები გვქონია და რეაგირებაც მოგვიხდენია“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ეფექტიანია ბავშვისთვის მკაცრი კონტროლი და ხომ არ გამოიწვევს სიმკაცრე დამატებით აგრესიას, თამარ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომ ბავშვების მენტალობაშია, კანონს, მანდატურს, თუ მასწავლებელს არ დაემორჩილონ და მათთან მიმართებაში ზოგადად, სიმკაცრე საჭიროა.

53-ე საჯარო სკოლის მანდატურმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი მანდატურებს მუშაობას გაუადვილებს და ძალადობის პრევენციაში, დაპირისპირებების თავიდან აცილებაში დაეხმარება.