თამარ ლეფსვერიძე - როდესაც უკრაინის ელჩმა ასამბლეა დატოვა და ამის გამო, საქართველო ტაშს უკრავდა, ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო ხალხის განწყობას
თამარ ლეფსვერიძე - როდესაც უკრაინის ელჩმა ასამბლეა დატოვა და ამის გამო, საქართველო ტაშს უკრავდა, ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო ხალხის განწყობას

ვფიქრობ, იმ ღამეს შეტევას არ ელოდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, თამარ ლეფსვერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„შეტევა უცებ დაიწყო. მე ამ აქციიდან ზუსტად თორმეტის თხუთმეტ წუთზე წამოვედი. წამოვედი იმიტომ, რომ ადამიანები აქედანაც იშლებოდნენ და იქიდანაც. ძალიან მცირე ჯგუფი იყო დარჩენილი და ჩავთვალე, რომ ჩემი სამუშაო იქ აღარაფერი იყო, რადგან აქცია დაშლის პირას იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, ოფისიდან მემუშავა და ოფისში მივედი თუ არა, დაიწყო ის, რაც დაიწყო, რასაც არანაირად არ ველოდი. მთავარი კითხვები, რაც შს მინისტრთან და ყველასთან მაქვს, ზუსტად ეს არის – რა მოხდა ადამიანთა ამ მცირე ჯგუფისგან“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

ამ განცხადებით თამარ ლეფსვერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ვერ მოხერხდა იმ სცენარის თავიდან აცილება, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა.

როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, ამ კითხვაზე პასუხს ხელისუფლებისგან ელოდება.

ლეფსვერიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესები გავრილოვის ჩამოსვლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც პრორუსული კამპანიები დაიწყო სხვადასხვა მიმართულებით.

„მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია იყო – არ ჩავასხათ ბენზინი „სოკარში“, აზერბაიჯანი ოკუპანტია და ძალიან სახიფათო თამაშები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ძალიან ახლო მეგობრებთან, რომლებთანაც საუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს გვეყო გონიერება, რომ ამ სახიფათო თამაშებს არ ავყოლოდით, მაგრამ ამის შემდეგ გადმოიდგა ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ პროვოკაცია როგორმე მოეხდინათ. ეს უკვე იყო გავრილოვის ქეისი, რომლის ჩამოსვლის რისკებიც მის ჩამოსვლამდე უსაფრთხოების საბჭოს მიერ აუცილებლად უნდა ყოფილიყო გაანალიზებული. ეს რისკები, მის ჩამოსვლამდე ნამდვილად არ იყო გაანალიზებული, რაც მეორე დღეს კარგად გამოჩნდა“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.

მისი თქმით, რისკები გაანალიზებული რომ ყოფილიყო, ხელისუფლებას უნდა დაენახა ის პროტესტი, რასაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინა აფიქსირებდა.

„როდესაც უკრაინის ელჩმა იქაურობა დატოვა და ამის გამო, მას მთელი საქართველო ტაშს უკრავდა, იქ უნდა მიმხვდარიყავი, როგორი იყო შენი ხალხის განწყობა ამ პროცესების მიმართ“, – განაცხადა თამარ ლეფსვერიძემ.