თამარ კორიაული - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეტი ტურისტისა და ოჯახური ჯგუფების ჩამოვლას საქართველოში
თამარ კორიაული - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მეტი ტურისტისა და ოჯახური ჯგუფების ჩამოვლას საქართველოში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის და ოჯახური ჯგუფების ჩამოვლას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კორიაულმა განაცხადა.

როგორც თამარ კორიაულმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით საკოორდინაციო საბჭომ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველი, იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა დაემატა კიდევ 10 სახელმწიფო და მერე მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რეგულაციების შემსუბუქების მიზნით დღეიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს აღარ მოეთხოვებათ PCR ტესტის წარმოდგენა როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარზე. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უფრო მეტი ტურისტის და ოჯახური ჯგუფების ჩამოვლას საქართველოში“, – განაცხადა თამარ კორიაულმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და მოგზაურობა.

საქართველოში სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით შემომსვლელ 54 ქვეყანას კიდევ 10 სახელმწიფო დაემატა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ კორიაული ტურიზმის სექტორისთვის მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს, რაც ხელს შეუწყობს ზაფხულის ტურისტულ სეზონში მეტი ტურისტის მოზიდვას საქართველოში.