თამარ კორძაია - სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას ვერავინ შეუზღუდავს, არ ვფიქრობ, რომ მისი ჩამოსვლა დაძაბულობას გამოიწვევს
თამარ კორძაია - სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებას ვერავინ შეუზღუდავს, არ ვფიქრობ, რომ მისი ჩამოსვლა დაძაბულობას გამოიწვევს

მიხეილ სააკაშვილს, მისი სურვილის შემთხვევაში, ვერავინ შეუზღუდავს ქვეყანაში დაბრუნებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაია ამბობს, რომ არ ჰგონია, სააკაშვილის ჩამოსვლამ ქვეყანაში დაძაბულობა გამოიწვიოს.

„მას აქვს უფლება, როგორი ფორმითაც შეარჩევს, ისე გამოხატოს მისი მხარდამჭერებისა და პოლიტიკური პარტიის მიმართ თანადგომა. მან გადაწყვიტა, მშვიდობიანი გზით საჯაროდ ჩამოვიდეს ქვეყანაში. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოიწვევს დაძაბულობას. მიზანია, გაამხნევოს საკუთარი ამომრჩეველი, რადგან ჩვენ გვაქვს 2020 წლის საარჩევნო გამოცდილება, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველა სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა, რათა მიეღო ის შედეგი, რაც მიიღო. არ ვიცი, სცენარი როგორ განვითარდება, ძალიან რთულია „ქართული ოცნების“ პროგნოზირება. ვინმეს გაუკვირდა, რომ ღარიბაშვილი ადამიანების დაპატიმრებით დაიმუქრებოდა? ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არ არის, კითხვები აღარ არსებობს არსად მსოფლიოში. „ქართული ოცნება“ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, მოუწევს პასუხის გაცემა, არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. მერწმუნეთ, ამ შეკითხვებს ის პასუხს ვერ გასცემს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ევროპარლამენტარმა  ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურესად საშიშ დონეს აღწევს და ასეთ გარემოში სააკაშვილის განზრახვა, დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სრულად მესმის სააკაშვილის სურვილი, იმყოფებოდეს საკუთარ სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.