თამარ კორძაია - სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე, არ აპირებს დანებებას, მიაჩნია, რომ ბრძოლა ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს ოპოზიციამ
თამარ კორძაია - სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე, არ აპირებს დანებებას, მიაჩნია, რომ ბრძოლა ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს ოპოზიციამ

სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე, მიაჩნია, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდეც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ეშინია.

„სრულ მზაობას გამოხატავს საკუთარს, პოლიტიკურს, მორალურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება. ჩვენი ხელისუფლების გონივრულობის იმედი არ გვქონია, დარწმუნებული ვარ, არც მიხეილ სააკაშვილს აქვს ხელისუფლების გონივრულობის იმედი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების და პოლიტიკოსების ბრძოლა თავის შედეგებს აჩვენებს. ჩვენ დავინახეთ ევროპარლამენტარებისა და საერთოდ მსოფლიოს პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ითხოვენ სათანადო რეაგირებას, რადგან  დემოკრატიულ სამყაროში არავის სჯერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი და მის მიმართ საზოგადოებას აქვს ნდობა.

სწორედ ამიტომ არის ამ განცხადებაში ცალსახად ხაზგასმული, რომ ვიდრე ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ მოიპოვებს საზოგადოების ნდობას, იქამდე მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. ხელისუფლება აგონიაშია კიდევ აგრძელებს უღირს კამპანიას და თბილისის მერის კამპანია აწყობილია ნეგატივზე, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კლიპების მომზადებაზე მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. ერთი რამ არის ცხადი, ხელისუფლებას ძალიან ეშინია ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის.

აღგიწერთ, როგორ ვითარებაში ვხვდებით მიმსვლელები. არის შუშის კედელი. იქით ზის მიხეილ სააკაშვილი, აქეთ ვსხედვართ მიმსვლელები, მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც იქ ვიყავი, ის აქტიურად საუბრობდა, საკუთარ მოსაზრებებს მიზიარებდა, აინტერესებდა გარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაცია. არავითარი დაბრკოლება ამ კომუნიკაციაში ჩვენ არ გვქონია. მე, როგორც პოლიტიკოსი, შევედი პოლიტიკოსთან და მივიღე პასუხი მისგან, რომ ის არის ძალიან აქტიური, არ აპირებს დანებებას, მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა. მორალურად ის არის აბსოლუტურად მხნე და მზად ბრძოლისათვის.“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიამ მეუფე შიო მუჯირის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ამბობს, რომ „დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე, ამბობენ, ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყველას შეურიგდე, ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია“.

„ქრისტე თითოეული ჩვენგანის ცოდვისთვის ეცვა ჯვარს და აჩვენა სანიმუშო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორედ მიტევება საკუთარი სიცოცხლის ფასად და მოქალაქეები, მრევლი თავად შეაფასებს მათი წინამძღვრის ამ ტექსტს“, – განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის თავდაცვის მდივნის გზავნილებს, თამარ კორძაია ამბობს, რომ ასეთი გზავნილები პირველად არ მიუღია ამ ხელისუფლებას.

„ასეთი გზავნილები პირველად არ მიუღია ამ ხელისუფლებას. ჩვენი მხრიდან 75-მილიონიანი კრედიტის აღებაზე უარი იმ მოტივით, თითქოს არ გვჭირდება, გამოვლინდა, რომ შეიძლება, ევროკავშირსაც არ მიეცა. რა თქმა უნდა, იმ კრიზისს, რაც გვაქვს დემოკრატიასთან დაკავშირებით, აფასებენ, აკვირდებიან და თუ არ იქნა ხელისუფლების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილებები მიღებული, თუ არ ჩაატარებს ნორმალურად მეორე ტურის არჩევნებს და არ აღიარებს, რომ რეალურად ის დამარცხებულია, მაშინ რა თქმა უნდა, ეს გზავნილები დაიწყებს ამოქმედებას. 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ თითოეული ჩვენგანის ბრძოლამ გამოიღო თვისი შედეგი. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო რეალურად ასცდა დემოკრატიული ღირებულებების გზას და ეს დღეს დასტურდება. თითოეული ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფო არ გაიმეტებს საქართველოს მოქალაქეებს იმისათვის, რომ ბიძიბნა ივანიშვილმა და პრორუსულმა ხელისუფლებამ შეუცვალოს ამ ქვეყანას მიმართულება. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეების გვერდში და ეს ასე დარჩება, მაგრამ ეს გვერდში დგომა ნიშნავს, რომ ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებით დაგვიჭერენ მხარს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.