თამარ კორძაია - „ხალხის ძალის“ განმარტებები არის ტყუილი, ეს კანონპროექტი ვერანაირ გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს
თამარ კორძაია - „ხალხის ძალის“ განმარტებები არის ტყუილი, ეს კანონპროექტი ვერანაირ გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ განმარტებები არის ტყუილი.

კორძაიას თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ვერანაირ გამჭვირვალობას ვერ უზრუნველყოფს.

„რაზეც თავად საუბრობენ, ყველა ეს ინფორმაცია აქვთ საგადასახადო ორგანოებს. როცა საერთაშორისო დახმარება მოდის, მაგალითად, ბოლოს, ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს 60 მილიონი ევრო რომ გამოეყო, ამ თანხიდან ნაწილი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც არ იქნება გამჭვირვალე, და მეორე ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან. რას ნიშნავს, სახელმწიფოსთან რაც მიდის, ის არ უნდა იყოს გამჭვირვალე და არასამთავრობო სექტორის უნდა იყოს? სინამდვილეში, ეს ტყუილია. სისტემა მუშაობს ასე – სახელმწიფოს რომ ფულს აძლევენ გრანტების სახით, ამ ფულის ხარჯვის კანონიერების შესამოწმებლად ცოტა ფული გაიცემა არასამთავროვო ორგანიზაციებსა და მედიაზე, რომ ამ სუბიექტებმა გააკონტროლონ, ხელისუფლება რამდენად კანონიერად იქცევა. ეს კანონი გვეუბნება, რომ ვინც ხელისუფლებას აკონტროლებს, ისინი უნდა შევზღუდოთო. ეს ცვლილებები საზოგადოებაში დაპირისპირებას გამოიწვევს, დაარქმევენ სახელებს – აგენტი ხარო. ეს გამოიწვევს მედიისა და მოქალაქეების შეზღუდვას, ვინც ხელისუფლებას აკონტროლებს. გამოქვაბულში არ ვცხოვრობთ და ყველამ ვიცით, ვინ, სად, როდის აკეთებს. ამერიკული კანონის მიზანი ფაშისტური იდეოლოგიის შეჩერება იყო და ჩვენ ასეთი კანონი გვაქვს. „ხალხის ძალის“ კანონს რა მიზანი აქვს? ამბობენ, რომ დღეს ასეთივე საფრთხეა ჩვენთვის დასავლური დახმარება? ასეთი საფრთხეა იმ სახელმწიფოების დახმარება, რომლებმაც ფაშიზმი დაამარცხეს? მათ შორის ტოლობას რომ სვამენ, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ატყუებენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტის ამერიკულ და რუსულ კანონებთან შედარება კატეგორიულად მიუღებელია. მათივე შეფასებით, მათ მიერ ინიცირებული პროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით.