თამარ კორძაია - გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა „ქართულ ოცნებას“, რომ გონს მოვიდნენ
თამარ კორძაია - გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა „ქართულ ოცნებას“, რომ გონს მოვიდნენ

ოპოზიციური ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრის, თამარ კორძაიას თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის პოზიციით, აქციების საპარლამენტო ტრიბუნით შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააკეთებს თუნდაც ერთ განცხადებას მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ამასთან, კორძაიას შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის პერსონალური განცხადება არ არის წინააღმდეგობაში მათ პოზიციასთან, რადგან „გააშიშვლა „ქართული ოცნება“, რომელიც არ ელაპარაკება მოქალაქეებს“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი, პერსონალური განცხადებით კიდევ ერთხელ ჩააყენა ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში, რომელმაც კედელი აღმართა საზოგადოების წინაშე და იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ოპოზიციურ პოლიტიკურ პატიებს მისცა ხმა.

მე ვიზიარებ იმ ნაწილში, რომლითაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვაშიშვლებთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც სრულ აბსურდშია გადასული და საქართველოს მოქალაქეებს არ გველაპარაკება.

პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება აქვს გაერთანებულ ოპოზიციას. ეს იყო გრიგოლ ვაშაძის პერსონალური განცხადება, რომელიც არ არის წინააღმდეგობაში ჩვენს პოზიციასთან, რადგან გააშიშვლა „ქართული ოცნება“, რომელიც არ ელაპარაკება მოქალაქეებს.

ალბათ დღეს მოისმინეთ არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ამომრჩევლის ნებას. ნებას, რომელიც თავზე დაახია „ქართულმა ოცნებამ“.

გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთხელ აგრძნობინა, რომ იქნებ, გონს მოვიდნენ და გადმოდგან ნაბიჯები. გრიგოლ ვაშაძემ საბოლოოდ გააშიშვლა „ოცნება“, რადგან ამ განცხადების მერეც ისინი იგივეს ამტკიცებენ და ოპოზიციაში განხეთქილების დათესვას ცდილობენ, მაგრამ „ოცნებას“ არაფერ უშველის. შაბათს, სამ საათზე კიდევ ერთხელ დაინახავენ საქართველოს მოქალაქეების პოზიციას“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. ვაშაძემ პარტიებს მიმართა, ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით. მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა.

დატოვე კომენტარი