თამარ კორძაია - არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი
თამარ კორძაია - არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნების თარიღი დანიშნა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადგილას არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

რაც შეეხება კითხვას: „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ იპოზიციას დაბალი რეიტინგის გამო სურს არჩევნების გადადება“, – კორძაიას თქმით, ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას სჯობს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ.

„მათ წარმოგვიდგინონ პასუხები, როგორ აპირებენ პანდემიის მართვას არჩევნებამდე. როგორ აპირებენ პასუხების გაცემას იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ წინა დღეებში. ვის რა ელოდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამიტომ ოპოზიციისკენ ხელების გაშვერას სჯობს, საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.