თამარ ხულორდავა - ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია
თამარ ხულორდავა - ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს დაახლოებით 195-მა ათასმა მოქალაქემ ისარგებლა და 260 ათასჯერ იმგზავრა ევროპაში.

პირველ არხთან საუბარში თამარ ხულორდავამ ყურადღება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ერთ წელზე გაამახვილა და 25 მარტის მონაცემებით არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრა.

დეპუტატის მოსაზრებით, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მოქალაქეებს გზა გაეხსნათ, რომ ბარიერების გარეშე, მოკლევადიანი ვიზიტებით საზღვრებს გარეთ იმოგზაურონ და შენგენის სივრცეს ეწვიონ.

„ამ უფლებით დაახლოებით 195 ათასმა ადამიანმა ისარგებლა. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ რეჟიმით სარგებლობას რამე საფრთხე და სირთულე არ შეექმნას. იცით, რომ ევროკომისიამ საქართველო დეკემბერში შეაფასა და 20 დეკემბერს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დადებითადაა შეფასებული ის პროცესი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება. ბევრი მიმართულებით ნათქვამია, რომ საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, მათ შორის ხაზგასმულია ჩვენი სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებებთან“, – აცხადებს დეპუტატი.

შეკითხვაზე, რამდენმა ადამიანმა დაარღვია ვიზალიბერალიზაციის პროცედურა, ხულორდავა აცხადებს, რომ ზუსტი რაოდენობის განსაზღვრის მექანიზმი არ არსებობს.

„შეიძლება ადამიანი ქვეყნიდან გავიდეს და უკან არ დაბრუნდეს, მაგრამ დამრღვევი არ იყოს. დაახლოებითი რიცხვი რაც გვაქვს, ათი პროცენტის ფარგლებშია, რაც ითვლება, რომ ბუნებრივია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა დამრღვევია, რადგან ადამიანს შეიძლება ორი პასპორტი ჰქონდეს. საქართველოს პასპორტით გავიდეს, მაგრამ ამავე დროს სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყოს, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ ევროკავშირის სივრცეში სხვა რეჟიმით სარგებლობდეს. შეიძლება, ადამიანმა შენგენის ზონა დატოვოს, რომელიმე მესამე ქვეყანაში გადავიდეს და ვადის დაცვით ისევ შენგენის ზონაში დაბრუნდეს, ან არ დაბრუნდეს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს.

ამ ციფრების გამოყენებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ დიდი რაოდენობა არ არის იმ ადამიანების, ვინც ჩვენი მონაცემებით საზღვარი 90 დღის განმავლობაში უკან არ გადმოკვეთა. დინამიკა მოწმობს, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანი შეღავათია“, – აცხადებს ხულორდავა.

ამას გარდა, დეპუტატი იმ პირებზეც საუბრობს, რომელთაც ევროკავშირის ზონაში შესვლის უფლება არ მისცეს.

„საზღვრიდან დაბრუნების დაახლოებით 1000 შემთხვევა იყო, როცა მთელი წლის განმავლობაში ადამიანებს უფლება არ მიეცათ, რომ შენგენის ზონაში შესულიყვნენ“, – ამბობს ხულორდავა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, თამარ ხულორდავა ყურადღებას ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფართა მაძიებლებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მათი რაოდენობა ზოგიერთ ქვეყანაში გაზრდილია, ზოგიერთში კი, პირიქით შემცირებულია.

„ეს სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავებულია. მაჩვენებელი გაზრდილი იყო ისლანდიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, ეს პრობლემა დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა და ზრდა აღარ არის. თუმცა რამდენიმე ქვეყანაა, რომელთა შორისაა შვედეთი, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა გაზრდილია და ამ საკითხზეც ვმუშაობთ. ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აყენებდნენ, ის იყო, რომ შესაძლოა ადამიანს, რომელსაც თავშესაფარზე უარი ეთქვა, მცდელობა მეორედ ჰქონდეს, რომ თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მიიღოს და გვარის ცვლილებაზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებიც ამას ემსახურებოდა, რომელსაც პარლამენტი იხილავს“, – აცხადებს თამარ ხულორდავა.

კანონმდებელი რეადმისიის საკითხსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანას ძალიან კარგი მაჩვენებელი აქვს.

რაც შეეხება ე.წ. შეჩერების მექანიზმის გამოყენებას, ხულორდავა აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით რეალური საფრთხეები ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან, რომლებიც ამ პრობლემას აყენებენ. კერძოდ, გერმანია და შვედეთი. ეს ამ ეტაპზე ისეთი ხარისხის პრობლემა არ არის, რომ რამე, რეალურ საფრთხეზე ვიფიქროთ, რომელიც ვიზალიბერალზიაციის პროცესის მიმდინარეობას დაემუქრებოდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც დაინახონ ყველა ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო დებს იმაში, რომ ამ პროცესს რაიმე საფრთხე არ შეექმნას.ეს საფრთხე აღქმული და დანახულია, რადგან ევროპარლამენტში ვიზიტის დროს ევროპარლამენტარმა კოლეგებმა იმ ნაბიჯების შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ, რომელსაც საქართველო დგამს. მხედველობაში ის ხალხი მყავს, ვინც საქართველოზე მუშაობს. გერმანელ დეპუტატებს ვგულისხმობ, რადგან გერმანია იყო, რომელიც ამ საკითხს აქტიურად აყენებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და მგონია, რომ ეს საკითხი იმ დონეზე არ გამწვავდება, რომ დღის წესრიგში ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადგეს“, – დასძინა თამარ ხულორდავამ.

დღეს, 28 მარტს შესრულდა ერთი წელი, რაც საქართველოსათვის ევროკავშირი/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა შევიდა ძალაში.