თამარ ხულორდავა - ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
თამარ ხულორდავა - ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, ზოგიერთმა განცხადებებმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საფრთხე დაემუქროს.

„ახლა შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის დღის წესრიგში არ დგას. ამაზე ევროკავშირთან კონსულტაციები მუდმივად გვაქვს, საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის შეხვედრა უმაღლეს დონეზე გუშინ გაიმართა. იუნკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი მიესალმება და კმაყოფილია იმ ნაბიჯებით, რომელსაც საქართველო ვიზალიბერალიზაციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დგამს. ჩვენი ქმედებები ევროკავშირისა და პარტნიორების ყურადღების ცენტრში მუდმივად არის. საზოგადოებას მუდმივად ვაფრთხილებთ იმის თაობაზე, რომ ვიზალიბერალიზაციით მონიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ევროკავშირის ქვეყნებში, პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ამას ევროპელი პარტნიორები ძალიან აფასებენ.

„ამ რეჟიმს რაიმე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებლების მიერ მათი განაცხადების დაკმაყოფილების ალბათობა ძალიან დაბალია. პრაქტიკულად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრით მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ხდება. ეს არ არის მომგებიანი არც იმ ხალხისთვის, ვინც ვიზალიბერალიზაციას ბოროტად იყენებს და ასეთი ქმედებით საფრთხეს უქმნიან მეზობლებს, მეგობრებს და არც სხვა ქართველებისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმით კეთილსინდისიერად სარგებლობენ”, – განაცხადა ხულორდავამ.