თამარ ხულორდავა - ვინც საფრანგეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით სარგებლობს, ემსახურება იმას, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ
თამარ ხულორდავა - ვინც საფრანგეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებით სარგებლობს, ემსახურება იმას, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ

ის, რაც მონპელიეში ხდება, სადაც საქართველოს მოქალაქეები აქციას მართავენ, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი მოვლენაა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც აღნიშნული თემით სპეკულირებს და საფრანგეთში მყოფი ადამიანების მდგომარეობით სარგებლობს, ემსახურება იმას, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ.

„ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ, საქართველო არ იყოს აღიარებული უსაფრთხო ქვეყნად. იცით ეს რას ნიშნავს, თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, მაშინ უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ. ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა“, – განაცხადა ხულორდავამ.

მისი თქმით, ასეთი შედეგი პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის.

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ აღნიშნული შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა მოქალაქის ინტერესი.

„უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება მათ შორის უნდა იყოს ჩვენი ემიგრანტების ინტერესი, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცათ, ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს, ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ, ჩვენი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ხულორდავამ.

საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში აქციებს მართავენ, საპროტესტო აქცია თბილისში „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა მონპელიეში დამატებითი კარვები გაშალეს. ისინი დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამბობენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.