თამარ ხულორდავა - "ევროპული საქართველოს" განცხადებები სრულიად აცდენილია იმ რეალობას და აუცილებლობას, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე აუცილებელი და სავალდებულოა.
დეპუტატი შრომით უსაფრთხოებაზე მომზადებულ კანონპროექტზე „ევროპული საქართველოს“ პოზიციასთან დაკავშირებით გაოცებულია.
როგორც ხულორდავამ აღნიშნა, პარტიის წევრების დღევანდელი განცხადებები იყო სრულიად აცდენილი იმ რეალობას და იმ აუცილებლობას, რომელიც ამ სფეროში არსებობს.
„პირველ რიგში, არ შემიძლია არ გამოვხატო გაოცება და გაკვირვება „ევროპული საქართველოს“, ამ პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ სათაურიც ისეთი აქვს ამ პარტიას, „ევროპული საქართველო“, რომ ის განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან დაკავშირებით და რეგულირების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის აბსურდულობასთან დაკავშირებით, მართლა გაოცებას იწვევს.
ევროკავშირში ინტეგრაცია არ გულისხმობს მხოლოდ განცხადებას, სურვილს და მისწრაფებას და დეკლარაციას და მართლაც სადღეგრძელოს. ევროკავშირში ინტეგრაცია გულისხმობს ჩვენი საკანონმდებლო სივრცის დაახლოებას იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილია ევროკავშირის სივრცეში.
ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მე ვფიქრობ, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შემოღება, ამ საკითხის რეგულირება კანონის დონეზე არის აუცილებელი, სავალდებულო, არის ამ წუთში აუცილებელი და დღესვე გასაკეთებელი, თუ არა უკვე გუშინვე.
მე მხოლოდ მივესალმები იმას, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო ეფექტური, რეგულაციები გამკაცრდეს და აღსრულებაც, რა თქმა უნდა, მოხდეს იმიტომ, რომ აღსრულება თუ არ მოჰყვა ამ ყველაფერს, არც ჩვენ არ მოგვწონს და არავის არ მოსწონს კანონი, რომელიც მხოლოდ ფურცელზეა დაწერილი
ვიმედოვნებ სწორედ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ აღსრულების საკითხში გვექნება სერიოზული გაუმჯობესება და წინსვლა“,- აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, თამარ ხულორდავას თქმით, დღეს წარმოდგენილი კანონპროექტი არ ასახავს იმ ვალდებულებებს, იმ მოთხოვნებს, რომელიც შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებობს.
„დღეს წარმოდგენილი პროექტით მხოლოდ საუბარია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და ის არ ვრცელდება ყველა სექტორზე, ყველა სფეროზე მაშინ, როცა, წესით, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და პირობები მოწესრიგებული უნდა იყოს უფრო ფართოდ და არ უნდა იყოს შეზღუდული ასოცირების შეთანხმებით.
ჩვენ კიდევ გვაქვს ჯერ ვადა 2019 წლის პირველ სექტემბრამდე.
იმედი მაქვს, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სწორი მიმართულებით და ვადის დადგომისთვის, 2019 წლის პირველ სექტემბრამდე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ეს რეგულაციები უკვე მთლიანად მთელ სფეროზე გავავრცელოთ“,- განაცხადა ხულორდავამ.