თამარ ხულორდავა - შრომის უფლებების დაცვის კუთხით უდიდესი ჩამორჩენა გვაქვს, არ დარჩა ორგანიზაცია, რომელიც ამ მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე არ მიგვითითებს
თამარ ხულორდავა - შრომის უფლებების დაცვის კუთხით უდიდესი ჩამორჩენა გვაქვს, არ დარჩა ორგანიზაცია, რომელიც ამ მდგომარეობის გამოსწორების აუცილებლობაზე არ მიგვითითებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს  შრომის უფლებების დაცვის კუთხით, უდიდესი ჩამორჩენა  აქვს და  აღნიშნული სფეროს რეგულირება მოქალაქეების დასაცავად არის აუცილებელი.

ამის შესახებ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს, სადაც შრომის კოდექსში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები საქართველოში ამ მხრივ არსებული მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ერთ ამბავი ატყდა კანონპროექტზე შრომის უფლებების თაობაზე, რომელიც ჯერ დამუშავების პროცესშია და ინიცირებულიც კი არ არის პარლამენტში. მინდა, განვმარტო რაშია საქმე: ქვეყანაში გვაქვს უდიდესი ჩამორჩენა შრომის უფლებების დაცვის კუთხით. 21-ე საუკუნეში ადამიანები არიან ექსპლუატირებული, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში სამუშაოს პოვნა რთულია და დასაქმებულები პრაქტიკულად ყველაფერს თანხმდებიან, ოღონდ სამსახური ჰქონდეთ, არაკეთილსინდისიერი ბიზნესი კი, სამწუხაროდ სარგებლობს ამ მდგომარეობით.

ამ სფეროს რეგულირება საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ამავე დროს, პროექტის მიზანი არ არის არაგონივრული შეზღუდვების დაწესება. მისი მიზანია თანამედროვე, ცივილიზებული შრომითი ურთიერთობების დამკვიდრება, მოქალაქეების ექსპლუატაციისგან და იძულებითი შრომისგან დაცვა.

არ დარჩა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ვინც არ მიგვითითებს ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების აუცილებლობაზე. ასეთია სახალხო დამცველი, ევროსაბჭო, ევროკომისია, ევროპარლამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორები. ამ თემას მწვავე ანგარიში და რეკომენდაციები ჰქონდა ცოტა ხნის წინ ორგანიზაციას  Human rights Watch“, – წერს თამარ ხულორდავა.

დეპუტატი ამბობს, რომ შრომითი უფლებების აღსრულება, სამუშაო დრო, დისკრიმინაციის აღმოფხვრა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის განჭვრეტადობის, თანასწორი და სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა, დასაქმებულებთან კონსულტაცია და სხვა საკითხები მოწესრიგებას საჭიროებს.

ამასთან, თამარ ხულორდავას განმარტებით, რეგულაციებთან დაკავშირებით ბიზნესის კრიტიკული პოზიცია არ აკვირვებს. თუმცა, ხულორდავა მიიჩნევს, რომ კეთილსინდისიერ ბიზნესს დაჩაგრული თანამშრომელი არ შეიძლება, მოსწონდეს.

„სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა პარლამენტში ყველა დაინტერესებული მხარის – სახელმწიფო ინსტიტუტების, ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით. ის, რის ირგვლივაც ატყდა აჟიოტაჟი, არის არა კანონის პარლამენტში განსახილველი ვერსია, არამედ პირველადი ვერსია, რომელზეც გრძელდება მუშაობა.

არ არის გასაკვირი, რომ ბიზნესი არ იწონებს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების რეგულირებას. ნებისმიერ ჩარევას აუცილებლად ექნება გავლენა ბიზნესზე, მაგრამ ეს იქნება  მინიმალური ზეგავლენა, რაც აუცილებელია მოქალაქეების ღირსეული შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს, კეთილსინდისიერ ბიზნესს არ შეიძლება, მოსწონდეს დაჩაგრული თანამშრომელი“, – აღნიშნავს თამარ ხულორდავა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა შეწყდება და შესაძლებელი იქნება სამართლიანი და დაბალანსებული კანონის მიღება,

„მესმის, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციების დაცვა გმირობას მოითხოვს, მაგრამ იმედი მაქვს, ის ორგანიზაციები, რომლებსაც ჭეშმარიტად აღელვებთ საქართველოს უკეთესი მომავალი, ადამიანის უფლებები და ევროპული ინტეგრაცია ამ პროცესში შრომის უფლებების მხარეს დადგებიან“, – აცხადებს თამარ ხულორდავა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებათა პროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია  გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კანონპროექტი არ კრძალავს რამდენიმე ადგილზე მუშაობას, არამედ უკრძალავს დამსაქმებელს, რომ დასაქმებულს დადგენილზე და შეთანხმებულზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს.