თამარ ხულორდავა - სერგი კაპანაძის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
თამარ ხულორდავა - სერგი კაპანაძის განცხადებით გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

სერგი კაპანაძის განცხადებით ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რადგან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პირველ არხს განუცხადა.

„ყველა საერთაშორისო ფორმატში აქტიურად ვმუშაობთ, რათა პარტნიორებმა კონკრეტული ზომები მიიღონ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. „მაგნიტსკის სიაზე“ ინიცირებული იყო ცვლილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც გულისხმობდა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამატებას რეზოლუციაზე და ამ ცვლილების ინიციატორი დელეგაციის ოთხი წევრი იყო, რომელთა შორის იყვნენ დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. ოპოზიციის მხრიდან ამ თემაზე ბრიფინგის ჩატარება გამაოგნებელია”, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას „ტატუნაშვილ-ოთხოზორიას სიაზე“ ცალსახა პოზიცია აქვს და ეს ყველასთვის ნათელია.

“ოპონენტები თემას იყენებენ პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც გასაგები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემთვის არ არის გასაგები, რადგან ფაქტია, რომ საერთო პოზიცია გვაქვს და ამ პოზიციით ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვდივართ. ამის დაბრალება უსინდისობაა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებამ” უნდა განმარტოს, რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში მიღებულ „მაგნიტსკის სიას“, რომლის ერთ-ერთ შემადგენელიც არის „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“.