თამარ ხულორდავა - საქართველოს მიზანია, უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია შეიძლება, იყოს ნატო
თამარ ხულორდავა - საქართველოს მიზანია, უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია შეიძლება, იყოს ნატო

საქართველოს ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების დაცვას. საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია შეიძლება, იყოს ნატო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო-ს სამხედრო ძალების განთავსება საქართველოში რუსეთისთვის იქნება საფრთხე და ის იმოქმედებს შესაბამისად.

„ეს პირველად არ გვესმის. ასეთი განცხადებები, სამწუხაროდ, ადრეც ყოფილა. რა თქმა უნდა, არსებობს შეუთანხმებელი პოზიციები, მაგრამ ეს არ უნდა გვიშლიდეს ხელს იმაში, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ყოველგვარი ზედმეტი ემოციის გარეშე ვიაროთ წინ ჩვენი სუვერენული ინტერესების განხორციელების გზაზე.

საქართველოს ერთადერთი მიზანია, უზრუნველყოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების დაცვას. საქართველოს უსაფრთხოების დაცვის გარანტია შეიძლება, იყოს ნატო, შეიძლება, იყოს იმ თანამეგობრობის წევრობა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებას. სწორედ ამიტომ, ნატო-ში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაციასთან ერთად, არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თამარ ხულორდავამ დიმიტრი პესკოვის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი საქართველო-რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინის შესახებ საუბრობს.

„ყოველთვის უნდა იყოს მცდელობა, რომ დიალოგი თუ არის, უნდა იყოს კონსტრუქციული. დიალოგი, რომელიც არის არაკონსტრუქციული, არანაირი შედეგის მომტანი არ შეიძლება, იყოს. ჩვენ რახან ვამბობთ, რომ დიალოგი არის ჩვენ შორის არსებული ბევრი უთანხმოების გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლო გზა, რა თქმა უნდა, მოწოდებული უნდა ვიყოთ იმისკენ, რომ ეს დიალოგი იყოს შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი და კონსტრუქციული“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.