თამარ ხულორდავა - რუსეთის სტრატეგიაა, განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ
თამარ ხულორდავა - რუსეთის სტრატეგიაა, განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ

რუსეთის სტრატეგიაა განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ, – ამის შესხებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესიის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

დისკუსიას შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი უძღვებოდა.

თამარ ხულორდავას თქმით, ის რომ შავი ზღვის რეგიონი მოიცავს რუსეთს, ხელს უშლის ევროკავშირს ჰქონდეს და განახორციელოს ეფექტიანი და ქმედითი შავი ზღვის სტრატეგია.

„რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომლის ინტერესია შეინარჩუნოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა რეგიონზე. მისი სტრატეგიაა განაგრძოს რეგიონის დესტაბილიზაცია და მუდმივად შეინარჩუნოს რეგიონში პრობლემები და კონფლიქტური მდგომარეობა, რათა ამ გზით შეაჩეროს ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, სწორედ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის აგრესიის წინა ხაზზე არიან.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კონფლიქტების მუდმივი გაცოცხლებითა და მუდმივი არსებობით ამ რეგიონის ნატო-ში მიღების პოლიტიკური ფსონი იზრდება.

„ეს არის რუსეთის ინტერესი, ხოლო ჩვენი ინტერესია გავაერთიანოთ ძალები, რადგან შავი ზღვის რეგიონი უნიკალურია და იძლევა ბევრ შესაძლებლობას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები. ეს არის კარგი დასაწყისი და უნდა დავიწყოთ სტრატეგიულად ფიქრი, როგორ ვიმუშაოთ ერთად როგორც რეგიონმა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

„ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა ირგვლივ შეიძლება გავერთიანდეთ. ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოებას აქვს პირდაპირი კავშირი ევროკავშირის უსაფრთხოებასთან. ეს განცხადების დონეზე აღიარებულია, მაგრამ ახლა საჭიროა შემდგომი ქმედებები. ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან, საჭიროა მეტი ჩართულობა და მონაწილეობა რეგიონის უსაფრთხოების და განვითარების უზრუნველყოფაში. გვჭირდება სტაბილურობა, რომელიც ვერ მოხდება ცალკე აღებული რომელიმე ქვეყნის მცდელობით. უნდა ვიმუშაოთ ერთად, გავაერთიანოთ ძალები და შესაძლებლობები. უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ ისეთი სტაბილურობა და მშვიდობა, რომელიც მოგვცემს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი განვითარების საბოლოო მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობა საშუალებაა, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს რომელიც აქვს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მოლდოვას პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ეუგენ კარპოვმა შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობაზე და რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ ეს რეგიონი მუდმივი მილიტარიზაციის ტერიტორიად გადააქცია და სამხედრო ძალა, რომელიც განლაგებულია შავი ზღვის სანაპიროზე, წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს.

„ჩვენ კვლავაც გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ ამ სამეზობლო რეგიონში მშვიდობის მიღწევამ, საბოლოო ჯამში, სარგებელი მოუტანოს, მთლიანად, ევროპის კონტინენტს. ეს საკითხები ყველა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ამიტომ საჭიროა, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა დავიცვათ ქვეყნების სუვერენიტეტი. ჩვენ ენერგიულად უნდა შევუდგეთ მუშაობას არსებული კონფლიქტების გადაჭრასთან დაკავშირებით. დასავლეთელი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვცდილობთ, რომ უსაფრთხოების საკითხები არსებულ რეალობას მოვარგოთ“,-განაცხადა ეუგენ კარპოვმა.

უკრაინის რადას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჰანა ჰოპკოს განცხადებით, რუსეთმა გააფართოვა მილიტარიზაცია როგორც შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე აზოვის ზღვაზე, რაც ქვეყნის ოკუპაციის ერთ-ერთი ფორმა – მისი ეკონომიკური ბლოკადაა. მისივე თქმით, ამ ინსტრუმენტის გამოყენება მუდმივად ხდება უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ საპარლამენტო დ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„ეს ძირს უთხრის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ქმნის საფრთხეებს მთელს რეგიონში“,-აღნიშნა ჰანა ჰოპკომ.

მისივე თქმით, მთავარია, რომ რუსეთი ერთხმად აღიარებული იქნას როგორც საოკუპაციო ძალა და პასუხი მოეთხოვოს იმისთვის, რომ მოახდინა როგორც ყირიმის, ასევე უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაცია.

„როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები, ცდილობენ, წინ აღუდგნენ რუსულ პროპაგანდას და იმ დეზინფორმაციას, რომელსაც რუსეთი ავრცელებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ჩვენი საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გააქტიურდეს, იყოს ძალიან ქმედითი იარაღი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აღიარებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება და წინ აღვუდგეთ რუსეთის ზეწოლას“,-განაცხადა ჰანა ჰოპკომ.

ევროპის პარლამენტის წევრმა, მაიკლ გელერმა თავის გამოსვლაში ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე რეგიონის ქვეყნების მიმართ და ევროკავშირის მხარდაჭერაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების მისწრაფების მიმართ.

„ჩვენ შევეცდებით, მხარი დავუჭიროთ თქვენს ერთობლივ საქმიანობას და ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა. ჩვენი კომპანიების შემოსვლა თქვენს რეგიონში და ინვესტიციების განხორციელება აძლიერებს ჩვენს ინტერესსაც, რომ თქვენ იყოთ უსაფრთხოდ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას და ხალხების დაახლოებას, არამედ იმასაც, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის აქტუალური გავხდებით“, – განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა. მომხსენებლების გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.