თამარ ხულორდავა - რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია, ხალხთაშორის ურთიერთობების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ
თამარ ხულორდავა - რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ ჩვენი პოზიცია ნათელია, ხალხთაშორის ურთიერთობების წინააღმდეგი არასდროს ვყოფილვართ

ჩვენი პოლიტიკა არასდროს  ყოფილა და არ იქნება მიმართული რუსი ხალხის მიმართ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ანტირუსული ნარატივი გაძლიერდა და რუსეთის მოქალაქეების ყოფნა საფრთხის შემცველია.

თამარ ხულორდავა ამ პოზიციას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა არ შედის საქართველოს ინტერესში.

„საქართველოს მიდგომა და პოლიტიკა, ზოგადად რუსეთის მიმართ არის ძალიან ცხადი და ნათელი. ჩვენი პოლიტიკა არასდროს მიმართული არ ყოფილა და არ იქნება რუსი ხალხის მიმართ, ანუ თუ ტურისტი აქ ჩამოდის და კანონის მოთხოვნების დაცვით, ჩვენი ქვეყნის სიკეთეებით აღფრთოვანდება, ამაში ცუდი არაფერია. მგონი, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში, რომ რამე მომხდარიყოს ეთნიკური ნიშნით რუსების წინააღმდეგ. ეს ფაქტი უბრალოდ არის ექსპლუატირებული, ასე ვთქვათ, გამოყენებული ამ პროცესში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ისევ ჩვენზე ზეწოლისთვის“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ ძალიან მკაფიოა.

„ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია რუსეთის პოლიტიკური წრეების განწყობის მიმართ, მათი პოლიტიკური კლასის მიმართ, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია არის მყარი, არ შეცვლილა და არის ერთიანი, როგორც გუშინწინ, ისე გუშინ, დღეს და ხვალაც ასე იქნება, სანამ რუსეთი თავის პოზიციას არ შეიცვლის. რაც შეეხება ხალხთაშორის ურთიერთობებს, ამის წინააღმდეგი ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. არანაირად ანტირუსული განწყობების გაძლიერება იქნება ეს, თუ ზოგადად, რაღაც დაძაბულობების შემოტანა ჩვენს ურთიერთობებში, არავის აწყობს თავისთავად. ჩვენ უნდა წავიდეთ სიტუაციის ნორმალიზებისკენ, დამშვიდებისკენ, მაგრამ იმ განწყობით და იმ მოცემულობის აღიარებით, რომელშიც ვართ. გვინდა, მშვიდობიანი ურთიერთობა რუსეთთან, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური უთანხმოება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მიერ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა“, – განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, როცა ეს საკითხები დღის წესრიგიდან მოიხსნება, ადამიანურ ურთიერთობებში სხვა ბარიერი არ დარჩება.