თამარ ხულორდავა - რუსეთი ვერ ეგუება, რომ მის საზღვართან დამოუკიდებელი, წარმატებული და სტაბილური სახელმწიფო არსებობს
თამარ ხულორდავა - რუსეთი ვერ ეგუება, რომ მის საზღვართან დამოუკიდებელი, წარმატებული და სტაბილური სახელმწიფო არსებობს

რუსეთი ვერ ეგუება, რომ მის საზღვართან დამოუკიდებელი, წარმატებული და სტაბილური სახელმწიფო არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

პირველ არხთან საუბარში თამარ ხულორდავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირები ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, რაც რუსეთისთვის ცნობილია.

„ისიც ვიცით, რუსეთი ვერ ეგუება იმას, რომ მის საზღვართან დამოუკიდებელი, წარმატებული და სტაბილური სახელმწიფო არსებობს. სამწუხაროდ, რუსეთი ამ სახელმწიფოს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს. ეს მისთვის საკმარისი არ არის და საგარეო პოლიტიკური კუთხით ნებისმიერი ჩვენი წარმატება მისი მხრიდან ძალიან აგრესიულ რიტორიკას იწვევს, რაც გათვლილია იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა დააეჭვოს, დააფრთხოს და ჩვენი კურსიდან გადაგვახვევინოს“, – განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, საქართველომ ძალიან თანმიმდევრულად და დაბეჯითებით უნდა განაგრძოს განვითარება.

„ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი განვითარება და სვლა ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით. ძალიან რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოს აქვს. მშვიდობიანი მეთოდის გარდა, არსებული კონფლიქტების სხვა გადაწყვეტის მეთოდზე არ ვფიქრობთ და არ ვეძებთ. ეს რუსეთმა იცის, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში სხვა განწყობები წაახალისოს და საზოგადოებაში ჩვენს ევროპულ ორიენტაციაზე ეჭვები გააჩინოს, პერიოდულად ასეთ აგრესიულ განცხადებებს ვისმენთ“,- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ  საქართველოში ნატო-ს სამხედრო წვრთნებს რუსეთი ადეკვატურად უპასუხებს.