თამარ ხულორდავა - რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა 
თამარ ხულორდავა - რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის საქართველოდან გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებული არ არის.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისადმი სრულიად სოლიდარულია.

“ეს ნაბიჯი დაგვიანებული არ არის. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ახლა მიიღეს. საქართველომ ამ აქტით მხარდაჭერა და თანადგომა ცივილური და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ გამოხატა”, – განაცხადა ხულორდავამ.

საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მალევე დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა სხვა ქვეყნებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის, რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ავსტრალიამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, მოლოდვამ და უკრაინამ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, აშშ-ის 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, სიეტლში კი რუსეთის საკონსულო დაიხურება.