თამარ ხულორდავა - ქართველი სამართალდამცველები განლაგებულნი არიან იქ, სადაც მათი ადგილია, ამიტომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია
თამარ ხულორდავა - ქართველი სამართალდამცველები განლაგებულნი არიან იქ, სადაც მათი ადგილია, ამიტომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

ქართველი სამართალდამცველები განლაგებულნი არიან საქართველოს კონტროლირებად ნაწილში, იქ, სადაც მათი ადგილია, ეს შეთანხმებულია მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთანაც, ამიტომ ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩაშლილ შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საჭიროების შემთხვევაში, სიტუაციის განმუხტვა მოხდეს, ამიტომ ამ ფორმატის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ასევე სწორი პოზიციაა, კონსტრუქციული თანამშრომლობა ამ ფორმატში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება საკითხებისადმი. სამწუხაროდ, ამას უპირისპირდება მეორე მხარე მუდმივი პროვოკაციებით და ასეთი ულტიმატუმებით, რომელიც დაფიქსირდა ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ერგნეთის შეხვედრა ჩაიშალა.

„პოზიცია, რომელიც აქვს საოკუპაციო რეჟიმს, არის სრულიად მიუღებელი, ბუნებრივია, რადგან ქართველი სამართალდამცველები განლაგებულნი არიან საქართველოს კონტროლირებად ნაწილში, იქ, სადაც მათი ადგილია და ეს შეთანხმებულია, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთანაც. ამიტომ, ულტიმატუმის ენით საუბარი ამ შემთხვევაში არის სრულიად მიუღებელი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციის ფორმატს აქვს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დატვირთვა.

„ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პროვოკაციული ნაბიჯის მომსწრე გავხდით, მათ შორის გახსოვთ სულ ახლახანს ჩვენი რვა მოქალაქე იყო გატაცებული. აი ეს საკითხები, ჩვენი მოქალაქეების მანამდეც გატაცება, სხვადასხვა საკითხი, როგორიც არის ჩვენს ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელება, უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, უნდა ყოფილიყო განხილვის საგანი. იყო მოლოდინი, რომ ამაზე იქნებოდა კონსტრუქციული საუბრის შესაძლებლობა და თანამშრომლობა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამის შესაძლებლობა სამწუხაროდ, არ არის. ახლა რაც ხდება, ის არის , რომ ჩვენ ყველა საერთაშორისო პარტნიორს უნდა შევატყობინოთ და ვატყობინებთ ამის შესახებ. უკვე შედგა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებიც არიან ინფორმირებულები ამის თაობაზე. მთავარი არის ის, რომ სიტუაციის დეესკალაცია შევძლოთ და განვმუხტოთ დაძაბულობა, რომელიც არის შექმნილი, რადგან ეს შედის ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.