თამარ ხულორდავა - პროპორციული სისტემის პროექტზე კენჭისყრის დროს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს
თამარ ხულორდავა - პროპორციული სისტემის პროექტზე კენჭისყრის დროს ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

საპარლამენტო ოპოზიციის  მხარდაჭერითა და ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, არის მაღალი ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იცით, რომ 113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენ გვაქვს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი“ ,- აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ამასთან, ხულორდავას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ წარმოდგენილ ცვლილებებს.

„საკითხი არის ძალიან რთული, ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან ვნებათაღელვას იწვევს. მათ გამოხატული აქვთ თავიანთი პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ძალიან მკვეთრად, არაერთხელ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა მოწოდება ყველა ჩვენგანის მიმართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს რამდენიმე კოლეგას აქვს ძალიან კატეგორიული პოზიცია, არის მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს. არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი და საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ“ ,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ამასთან, ცვლილებებით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელსაც სულ მცირე, ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა ექნება. გაუნაწილებელი მანდატების შემთხვევაში, ის თანმიმდევრობით გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, იმით არის განპირობებული, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე 12 ნოემბერს დაიწყო. დღის წესრიგში იყო ორი პროექტი. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტში ჩავარდა. ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.