თამარ ხულორდავა - იმედი მაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ მიაყენებს დარტყმას სასამართლო ხელისუფლებას
თამარ ხულორდავა - იმედი მაქვს, პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ მიაყენებს დარტყმას სასამართლო ხელისუფლებას

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზებზე და პროპორციული საარჩევნო სისტემის უპირატესობაზე ისაუბრა.

„დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ დარბაზში ვარ არა როგორც უმრავლესობის წევრი, არამედ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, პირველ რიგში მინდა ამ ტრიბუნიდანაც განვმარტო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზები. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების გადაწყვეტილება საზოგადოებაში მთლიანობაში არის ვფიქრობ ძალიან კარგად გასაგები. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის მოიწონა, მაგრამ არიან ასევე ადამიანები, ვინც მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამის საფუძველზე შეიძლებოდა  მძიმე გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ხულორდავამ.

როგოც ხულორდავამ აღნიშნა, პროპორციული სისტემა არის უფრო სამართლიანი, ვიდრე დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა.

„პროპორციული სისტემა უნდა ყოფილიყო გარანტი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნებოდა სრული თავისუფლება, მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე მიეღო ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაეკომპლექტებინა მნიშვნელოვანი ორგანოები, აერჩია უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის მაკონტროლებელი ორგანოების ხელმძღვანელები. მთლიანობაში ეს უნდა გამხდარიყო პასუხისმგებლობის დანაწილების საშუალებაც, ძალაუფლების გადანაწილებასთან ერთად და უნდა მივეყვანეთ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკურ პროცესებამდე. მიხარია, რომ გადაწყვეტილება ამ პარლამენტს უკვე მიღებული აქვს და 2024 წლიდან მაინც ეს ძალაში იქნება. იმედი მაქვს, ამას მაინც რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ასევე პრობლემა იყო იმის გამო, რომ ეს იყო გაცემულ დაპირებაზე უარის თქმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დაპირება მმართველმა გუნდმა გასცა, ხოლო შემდეგ თავად თქვა ამ დაპირებაზე უარი“, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, ძალიან სერიოზული პრობლემა მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა ამას ჩემი ყოფილი თანაგუნდელები. დღეს შეიძლება კიდეც ხელს აძლევს ის, რომ სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეები იმედგაცრუებული არიან პოლიტიკით და პოლიტიკოსებით, მაგრამ ეს იმედგაცრუება ნამდვილად არ აისახება დადებითად ჩვენი ქვეყნის ნორმალურ, სტაბილურ განვითარებაზე, პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება და სრული უნდობლობა ნამდვილად არ არის კარგი ქვეყნისთვის. მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ნაბიჯები გადადგას, რათა ეს პროცესები ნორმალიზაციისკენ წავიდეს, ამიტომ მისასალმებელია დიალოგი, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ეს გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვნას“, – განაცხადა ხულორდავამ.

ამასთან, დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი.

„წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ პროცესი იყო ღია, გამჭვირვალე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და იურიდიულმა კომიტეტმა ამას თავი გაართვა, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი მხოლოდ თავისთავად არ ფასდება, ეს უნდა შევაფასოთ შედეგიდან გამომდინარე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედეგი, რომელიც დადგება ამ კვირაში იყოს ამ პროცესის ღირსი და მხარი დაუჭიროს პარლამენტმა მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომელიც აკმაყოფილებენ მაღალი თანამდებობისთვის საჭირო მოთხოვნებს, ასეთი ბევრი არ იყო, სულ რამდენიმე კანდიდატი იყო. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი იქნება პრინციპული და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ ერთხელ არ მიაყენებს დარტყმას სასამართლო ხელისუფლებას. მას ისედაც ძალიან ბევრი დარტყმები მოუწია და მნიშვნელოვანია, რომ სწორი გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ ხელი შევუწყოთ სწორი იმიჯის შექმნას ჩვენი სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა ხულორდავამ.