თამარ ხულორდავა - ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვითარების დეესკალაციას
თამარ ხულორდავა - ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვითარების დეესკალაციას

რუსეთი ოკუპაციას რომ არ აღიარებს, მგონი, ეს სიახლე არ უნდა იყოს და არ უნდა გაგვიკვირდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში თუნდაც, ეს ფრაზა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

შინაარსთან დაკავშირებით ჩვენც ბევრი რამე გვაინტერესებს და ამაზე საუბარი შემდეგი დღეების განმავლობაში იქნება. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი ოკუპაციას არ აღიარებს, მგონი, ეს სიახლე არ უნდა იყოს და არ უნდა გაგვიკვირდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში თუნდაც, ეს ფრაზა. ზუსტად ვიცით, საქმე რასთან გვაქვს. ასევე იცის საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელიც ამ ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარებს, დანარჩენი მოლაპარაკების საკითხია“,- განაცხადა ხულორდავამ.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას, სიტუაციის დეესკალაციას.

„ჩვენს შორის ბევრი აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა სწორედ მიზეზია იმის, რატომაც ჩვენ შორის მეტი დიალოგია საჭირო. მხოლოდ იმ ხალხს არ უნდა ელაპარაკო, ვინც ზუსტად შენნაირად ფიქრობს, უნდა ელაპარაკო იმას, ვინც მთავარ პრობლემას გიქმნის. პრობლემას ვინ გვიქმნის, კარგად ვიცით. ნებისმიერი ნაბიჯი მისასალმებელია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საზოგადოების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი საზოგადოების, სიტუაციის დეესკალაციას. იცით, რომ მუდმივი ესკალაციის საფრთხე გვაქვს საოკუპაციო ხაზთან, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი არ ნიშნავს დეოკუპაციას და პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენს ინტერესებში არ შედის იმ სიტუაციის შენარჩუნება, რომელიც დღეს გვაქვს, ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ტერიტორიების სრული იზოლაცია, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დევნილად არიან საკუთარ ქვეყანაში ქცეული და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში, 24 საათიანი რისკის ქვეშ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს იქით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიტუაცია გადავჭრათ“,- განაცხადა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს.

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარში.