თამარ ხულორდავა - მაქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული
თამარ ხულორდავა - მაქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული

პარლამენტის ევროინტეგაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას მოლოდინი აქვს, რომ ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ იქნება ასახული.

თამარ ხულორდავა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად ევროპარლამენტის მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს შეხვდა.

ხულორდავას თქმით, საქართველოს პროგრესი თვალნათელია და ასახულია როგორც ევროკომისიის ანგარიშებში, ასევე ყველა დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშებში.

„მოლოდინი მაქვს, რომ ანგარიშში ის რეალური პროგრესი აისახება, რაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერობის საკითხებში აქვს. უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება გვაქვს, ასევე თავისუფალი ვაჭრობით ვსარგებლობთ, რაც უფრო მეტ შედეგს გვაძლევს იმ თვალსაზისით, რომ ევროკავშირთან ჩვენი ეკონომიკური კავშირები და ბმა სულ უფრო ღრმავდება. ამას ევროკავშირთან გაზრდილი სავაჭრო მაჩვენებლებიც მოწმობს, ასევე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობა. ეს ყველაფერი კონკრეტული შედეგი და მიღწევაა ევროპულ გზაზე“, – აღნიშნა ხულორდავამ.

დეპუტატის ცნობით, შეხვედრაზე მამიკინსმა ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალიან წარმატებულია.

„მოლოდინი მაქვს, რომ ანგარიშში პროგრესი სათანადოდ ასახული იქნება. დადებით ანგარიშს ველოდები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, არჩევნებთან, საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზე, რაზეც შესაბამისი ინფორმაცია მიიღო“, – განაცხადა ხულორდავამ.

ანდრეს მამიკინსი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ქვეყნის თაობაზე ნოემბერში ანგარიშს მოამზადებს, სადაც საუბარი იქნება იმის თაობაზე, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს როგორ შეასრულებს.