თამარ ხულორდავა - მაღალი რისკის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
თამარ ხულორდავა - მაღალი რისკის გამო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

თუ ეკონომიკურად მომგებიანია ეს საქმიანობა, კეთილი ინებოს დამსაქმებელმა და უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხურლორდავა აცხადებს.

ხულორდავას თქმით, ქვანახშირის წარმოების ძალიან მაღალი რისკის მიუხედავად, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული ზომების მიღება. ამას მოწმობს ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქვანახშირის შახტებში უბედური შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა.

„როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უბედურება?! მესმის, რომ მინდელის შახტში დასაქმებული 1500 ადამიანისთვის შახტის დახურვა გამოსავალი არ არის, მაგრამ სწორედ ამ მაღალი რისკის გამო მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ქვანახშირის მოპოვების დახურვის გადაწყვეტილება.

დარჩენილ ქვეყნებში ქვანახშირის წარმოების დახურვის გრძელვადიანი გეგმები და პროგრამები არსებობს, რომ ასეთი წარმოების მქონე ქვეყნებს წარმოების დახურვით გამოწვეულ სოციალურ პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმაროს. ჩვენც უნდა შევიმუშაოთ ასეთი პროგრამა და იქ დასაქმებულებს ალტერნატივა შევთავაზოთ“,-აცხადებს თამარ ხულორდავა.

მინდელის შახტში დღეს დილით ტრაგედია მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.