თამარ ხულორდავა - იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
თამარ ხულორდავა - იტალიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ  იტალიის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ეს არის პირველი და მართლაც ისტორიული ვიზიტი. იტალია არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი საქართველოსთვის. პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ დღეს შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ არსებობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

დეპუტატის განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებაც იმსჯელეს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის იმ ვითარებაზე, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ იტალიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, არაღიარების პოლიტიკის მიმართ. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და საქართველოში ვიზიტით მყოფ იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში შედგა.

დატოვე კომენტარი