თამარ ხულორდავა - იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით
თამარ ხულორდავა - იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით

იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში წერს.

თამარ ხულორდავა სახალხო რაზმების პატრულირების შესახებ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს დანაშაულებრივი და საშიში მოწოდებაა.

„ეს არის დანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია!

სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ, ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით“, – წერს თამარ ხულორდავა.

მისი თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას.

„პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ, თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!

დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!“, – წერს თამარ ხულორდავა „ფეისბუქზე“.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.