თამარ ხულორდავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღწეული შედეგი არის დიდი გამარჯვება საქართველოსთვის
თამარ ხულორდავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღწეული შედეგი არის დიდი გამარჯვება საქართველოსთვის

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღწეული შედეგი არის დიდი გამარჯვება საქართველოს, უკრაინისა და ყველა იმ დელეგაციისთვის, რომელიც წარდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებოდა, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ავტორმა უკან გაიწვია.

თამარ ხულორდავას თქმით, საქართველოს დელეგაციის აქტიურმა მუშაობამ შეუწყო ხელი, რომ მომხსენებელმა რეზოლუციის პროექტი თავად გაიწვია.

„დღეს განიხილებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, ჩვენთვის ძალიან არსებითი და მტკივნეული საკითხი. ვიტყვი ასევე, რომ ის შედეგი, რომელიც დადგა, არის დიდი გამარჯვება საქართველოს, უკრაინისა და ყველა იმ დელეგაციისთვის, რომელიც საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებოდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა, რუსეთის მიმართ სანქციები მნიშვნელოვნად შეემსუბუქებინათ.

საპარლამენტო ასამბლეაზე ისეთი სიტუაცია იყო, ისე წარიმართა პროცესები, რომ პროექტს დიდი წინააღმდეგობა ხვდა წილად, მათ შორის საქართველოს დელეგაციის მხრიდან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი დელეგაციის აქტიურმა მუშაობამ ხელი შეუწყო, რომ მომხსენებელმა თავად გაიწვია რეზოლუციის პროექტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ეს საკითხი აღარ დაუბრუნდება საპარლამენტო ასამბლეის განსახილველ საკითხთა სიას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა უკან გაიწვია. ინიციატივის ავტორი ბელგიელი პეტრა დე სუტერიიყო. მისივე თხოვნით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტს დაუბრუნდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი.  მისი თქმით, არ შეიძლება მოხდეს  პრეცედენტის დაშვება, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან.

რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.