თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს პროვოკაციას უწოდებს
თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს პროვოკაციას უწოდებს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს პროვოკაციას უწოდებს. ხულორდავას განცხადებით, პრინციპულად ემიჯნება „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების პოზიციას, რომ ხელისუფლებამ მათი დადგენილებისთვის მხარდაჭერის გამოუცხადებლობით პრორუსულობა ღიად დააფიქსირა.

„ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპულად ვემიჯნები ყველა იმ პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ასეთი რამე შეიძლება იყოს ვინმესთვის და რამისთვის ტესტი. ეს არის ავანტიურა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ განვითარება ჩვენი ქვეყნის. ჩვენი სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი პროგრესის და მშვიდობის პირობებში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს იმისა, რომ საქართველოს მოუწევს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა რუსეთის აგრესიისთვის, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. რუსეთი აგრესორია და აგრესორმა უნდა გადაიხადოს ფასი და არა საქართველომ. ჩვენ ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად იყოს ეს თემა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და საკვანძო საკითხი. დადგენილების ტექსტი არის ასეთი – საუბარია იმაზე, თითქოს რაღაც დამატებითი გააქტიურება და მოწოდებები სჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. ეს არ არის სწორი. ცალსახად ეს არის სპეკულაციური ჩანაწერი, სათაურიც ამ დადგენილების. ეს არის პროვოკაცია, რომელსაც ჩვენ არ წამოვეგებით. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე პირველ რიგში და არა პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც თავისი ვიწრო პარტიული ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით,  საქართველოს ინტერესების ხარჯზე არანაირი კომპრომისები არ იქნება.

„რუსეთთან საქართველოს აქვს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ ვითარებაში, პრაქტიკულად დანის წვერზე გავდივართ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური, სტაბილური, მშვიდობიანი განვითარება. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არანაირი კომპრომისები არ იქნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით არის ის პრინციპული საკითხი, რომელზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. ის რაც მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ამას შეიძლება მეტი ნეგატივი მოჰყვეს და კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვიოს, არის ის უპრინციპო ქმედებები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს საქართველოს მიმართ. ჩვენ არ გვინდა რუსეთს მივცეთ დამატებითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეუქმნას საფრთხე ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის და პირველ რიგში იმ მოსახლეობის ინტერესებში, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

​ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს დღეს მხარი არ დაუჭირა. პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დატოვე კომენტარი