თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა
თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა.

როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, ევროპარლამენტი ყოველთვის საკმაოდ მტკიცეა და თავის პოზიციას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს, მათ შორის რუსეთის მიმართ.

„ეს საყურადღებოა, რადგან ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები ევროკავშირისთვის სავალდებულო არ არის, მაგრამ ევროპარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა, სადაც ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი. ამ ორგანოს მიერ მიღებულია ასეთი ხისტი გადაწყვეტილება და რეზოლუციაში იკითხება, რომ ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას იქამდე არ აპირებს, ვიდრე საერთაშორისო წესრიგს არღვევს. სწორედ ამ კონტექსტშია მოხსენიებული რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს, ასევე ჩვენი მეზობელი და პარტნიორი სხვა ქვეყნების მიმართ. ეს პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულებაა საქართველოს მიმართ. ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში ასახულია ის სულისკვეთება, რაც ევროპარლამენტმა 2018 წლის ივნისში მიღებულ რეზოლუციაში დააფიქსირა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლის თავზე სპეციალურად მიიღეს“, – განაცხადა ხულორდავამ.

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. რეზოლუციაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ყირიმის უკანონო ანექსიას, ამასთან, ევროპარლამენტის წევრები გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს.