თამარ ხულორდავა - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მუდმივად სპეკულაციებია, ვფიქრობ, მკაფიოდ გვაქვს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული
თამარ ხულორდავა - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მუდმივად სპეკულაციებია, ვფიქრობ, მკაფიოდ გვაქვს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პარადოქსულია, რომ ოპონენტების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, ხელისუფლების მისამართით საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს უკავშირდება.

ამის შესახებ ხურლოდავამ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში მყოფი ფრაქციების სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

„ყოველგვარი ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ვართ ძალიან თანმიმდევრული და გვაქვს კონკრეტული ხელშესახები მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფალ ვაჭრობას; გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის სივრცეში, გვაქვს ევროკომისიასთან სამთავრობო გუნდის კოორდინაციისა და თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, რომელიც უპრეცედენტოა, რადგან ასეთი რამ, როცა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, კომისია, კომისიის შემადგენლობა, უმაღლეს დონეზე თანამშრომლობს ქვეყნის ხელისუფლებასთან, სხვა იმავე პირობებში მყოფ ქვეყნებს როგორიც ჩვენ ვართ, არ აქვს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, იგივეა ნატო-ს მიმართულებით, რადგან საქართველო არის ნატო-ს სანდო და მყარი პარტნიორი, რასაც ალიანსის წევრები ხშირად აღნიშნავენ.

„ჩვენ ვართ ნატო-ს არაწევრი ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს ალიანსს, რასაც ხშირად თვითონ აფიქსირებენ. ისინი ხშირად გვიხსენებენ როგორც სანდო, მყარ პარტნიორს. მზად ვართ შემდეგი ნაბიჯებისთვისაც. ბოლო პერიოდის განმავლობაში ასევე, განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არის მუდმივად სპეკულაციები და პრეტენზიები სწორედ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან და კურსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ეს პოლიტიკური ორიენტირები გაცხადებული. ჩვენი ამოსავალი წერტილი ახლა არის  თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს და ეს არის ასოცირების შეთანხმება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრისას დაინტერესდა, როგორ აპირებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას მომავალი პრემიერ-მინისტრი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, პრემიერ-მინისტრის დონეზეც იყოს აქტიური ჩართულობა, რათა შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიციები ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით, რადგან ეს არის ევროკავშირთან ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის წინაპირობა“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

იგი ასევე, დაინტერესდა, რას ფიქრობს მთავრობის ხელმძღვანელობის კანდიდატი ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთებაზე.

„ამის წინაპირობაც უნდა იყოს – ერთი მხრივ, ასოცირების შეთანხმების უზადო შესრულების გაგრძელება, რომელიც აქამდე გვაქვს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სულ უფრო რთულდება, რადგან ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც სამწუხაროდ, არ არის ძალიან სახარბიელო ამ ვალდებულებების შესრულება გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. სწორედ, ამიტომ გვაინტერესებს რამდენად პრიორიტეტული იქნება ეს და როგორ ვაპირებთ შემდგომშიც ამ ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებას“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ევროკავშირში საქართველოს წევრობის ამბიცია ვერანაირად ვერ განხორციელდება მხოლოდ ძალიან მაღალ დონეზე არსებული თანამშრომლობით, რომელიც ქვეყანას  ევროკავშირის ინსტიტუტებთან აქვს.

„ამ გზაზე შემდგომი ნაბიჯი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების პოზიციებზე, ამიტომ საინტერესოა, რას გეგმავთ ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით, რომ ჩვენი შემდგომი ინტეგრაციის გეგმები გავხადოთ უფრო ხელშესახები. მივესალმები თქვენს პრიორიტეტებსა და პრინციპებს, რომელიც არის საქმე, შედეგზე ორიენტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, რა კონკრეტული საქმიანი ნაბიჯები შეიძლება, გვქონდეს ორმხრივი თანამშრომლობის ნაწილში, რათა უფრო რეალური გავხადოთ ჩვენი ამბიციები, რომელიც აგრეთვე კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული“, – მიმართა გიორგი გახარიას თამარ ხულორდავამ.

დატოვე კომენტარი