თამარ ხულორდავა - ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს
თამარ ხულორდავა - ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენებზე კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს

„ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე პარლამენტი იმსჯელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხის გარეშე.

„ამაზე პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ჩემთვის პირადად უმნიშვნელოვანესია, რომ კითხვები, რომელიც გვაქვს იმ ღამეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხგაუცემელი არ დარჩეს. ამას ძალიან საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, მასში სახალხო დამცველი აპარატიც არის ჩართული.

„მათი იმედიც მაქვს, როგორც ამ პროცესში დამხმარე გარეშე თვალის. ასევე განცხადებები გაკეთდა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობის შესახებ.  მიმაჩნია, ეს რომ უმნიშვნელოვანესი და პირველი რიგის ამოცანაა“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ევროპულმა საქართველომ“ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა.  პროექტში ნათქვამია, რომ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან ძალის გადამეტების გამო, რასაც მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ძალის გადამეტების ჩამდენი სამართალდამცველების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.