თამარ ხულორდავა - ჩვენი ინტერესია, 19 მაისს ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა
თამარ ხულორდავა - ჩვენი ინტერესია, 19 მაისს ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა

ჩვენი ინტერესია, რომ 19 მაისს ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ ხულორდავამ აღნიშნა, ზუგდიდს ჰყავს ძალიან კარგი კანდიდატი, რომელიც ასევე დადებითად არის მიღებული ზუგდიდში და მთელ მუნიციპალიტეტში საზოგადოების მხრიდან, იმ ხალხის მხრიდან, რომელმაც 19 მაისს უნდა გააკეთოს არჩევანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან კარგი შედეგი, რადგან გვყავს მართლაც უალტერნატივო კანდიდატი. ჩვენი ინტერესია, რომ 19 მაისს ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად, მშვიდობიანად გამოხატვის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, ვისაც ექნება განსხვავებული პოზიციები კანდიდატებთან დაკავშირებით, ამისთვისაც ტარდება არჩევნები. დარწმუნებული ვართ ჩვენს შედეგებში და ჩვენი სურვილი არის, რომ ყველას ჰქონდეს არჩევნებზე პოზიციის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი. ჩვენი ინტერესი არის სტაბილური, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება. ძალა, რომელიც მანიპულაციებითა და პროვოკაციებით ცდილობს, რომ წარმოაჩინოს სხვაგვარი სურათი, შექმნას დაძაბულობის კერები, ალბათ არ არის თავის ძალებში და შედეგებში დარწმუნებული. მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთადერთი გზა მისი კანდიდატისა თუ პარტიის წარმატების. ვფიქრობ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა საკმაოდ გათვითცნობიერებულია, გარკვეულია ამ ტექნიკაში, რომელსაც პარტიები იყენებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება კარგი შედეგი“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.