თამარ ხულორდავა - ანგელა მერკელის ვიზიტი დადასტურებაა, რომ საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია 
თამარ ხულორდავა - ანგელა მერკელის ვიზიტი დადასტურებაა, რომ საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია 

ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური მხარდამჭერია.

„გერმანია არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის მასშტაბით და მის მიღმაც. ევროკავშირის პოზიციების, ევროპული საერთო პოზიციების ფორმირებაში გერმანიას აქვს გადამწყვეტი სიტყვა და ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მხარდაჭერა გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ვიცით, რომ გერმანია არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერის გამოხატულების აქტი და დადასტურება, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, არის რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორი გერმანიისთვის“, – განაცხადა ხულორდავამ და იმედი გამოთქვა, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე განიხილება ყველა საკითხი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოსთვის აქტუალურია.

დეპუტატის განცხადებით, გერმანიის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის გაცხადებული და ცნობილი ყველასთვის, არამხოლოდ საქართველოსთვის. ამ პოზიციას გერმანია ყველა ტრიბუნიდან ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ აფიქსირებს.

„ბოლო განცხადება რომ გავიხსენოთ, აგვისტოს ომის ათი წლის თავთან დაკავშირებით, გერმანიის ხელისუფლების მიერ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ იქნა გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გაკეთდა მოწოდება, რუსეთის ხელისუფლების მისამართით, დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებები, რომელსაც ამ დრომდე არღვევს. ასე რომ, გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ყველასთვის ცნობილი, დანარჩენი არის უკვე ფორმის საკითხი, ანუ რამდენად ხისტი იქნება ან არ იქნება ანგელა მერკელის განცხადებები“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა. საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას ანგელა მერკელი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.