თამარ ხულორდავა - აბსოლუტური სპეკულაციაა, რომ ლუგარის ლაბორატორია რაიმე ტიპის სახიფათო მიზნებს ემსახურებოდეს
თამარ ხულორდავა - აბსოლუტური სპეკულაციაა, რომ ლუგარის ლაბორატორია რაიმე ტიპის სახიფათო მიზნებს ემსახურებოდეს

საქართველოს პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას შეფასებით, რუსეთი სხვადასხვა თემებით მანიპულირებას ცდილობს, რათა საქართველოში ქვეყნის ევროპულ ინტერგაციასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს.

პირველ არხთან საუბარში თამარ ხულორდავა ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსოლუტური სპეკულაციაა, რომ ეს ლაბორატორია რაიმე ტიპის სახიფათო მიზნებს ემსახურებოდეს.

„რუსეთი სხვადასხვა თემებით მანიპულირებას ცდილობს იმისათვის, რომ საქართველოში ქვეყნის ევროპულ ინტერგაციასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინოს. ამას იმ განცხადებებს დავუკავშირდები, რაც იგივე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით კეთდება. ეს არის სრული დეზინფორმაცია. აბსოლუტური სპეკულაციაა, რომ ეს ლაბორატორია რაიმე ტიპის სახიფათო მიზნებს ემსახურებოდეს. რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ამ არგუმენტს იმისთვის იყენებს, რომ საზოგადოებაში გარკვეული შიშები დათესოს. ვისურვებდი, რომ გამძლეობა გვეყოს და ამ პროვოკაციებს არ ავყვეთ“, – აღნიშნავს ხულორდავა.

დეპუტატის თქმით, შეიძლება მათი მიზანი ისიც იყოს, რომ გარკვეული ეჭვები საერთაშორისო პარტნიორებსაც გაუჩინონ, მაგრამ რუსეთის რეალური სახე ყველასთვის ძალიან აშკარაა.

„თუ წლების წინ, ევროპელი პარტნიორებისთვის რუსეთი ყოველთვის არ იყო გაიგივებული აგრესიულ ძალასთან, დღეს ყველასთვის ცხადია, რომ მეთოდი, რომელსაც რუსეთი იყენებს, ტიპური ფორმაა ურთიერთობის, რომელიც რუსეთს სხვადასხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით აქვს. ეს არის დეზინფორმაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ამაზე თავისი კამპანიის აგება. თუკი საქართველოს გარდა, რუსეთის სამიზნე აუდიტორია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებია, ის გამარჯვებული აქაც ვერ გამოვა, რადგან საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რუსეთი რას წარმოადგენს და რა მეთოდებით მუშაობს. ასევე რას წარმოადგენს ლუგარის ლაბორატორია და რუსეთი რასაც ავრცელებს, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – დასძინა ხულორდავამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ვარაუდობს, რომ რუსეთი სპეციალურად მიიწვიეს საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რათა შემდეგ მისი მუშაობის ლეგალიზება მოხდეს.