თამარ კეკენაძე – პაპუაშვილის ყოველდღიური გამოსვლები ცოტა სასაცილო გახდა, ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ „ქართული ოცნება“ არსად დავტოვოთ მარტო
პაპუაშვილის ყოველდღიური გამოსვლები ცოტა სასაცილო გახდა, გვესმის, რომ მას მთავარი პროპაგანდისტის როლი აქვს, თუმცა დღევანდელი განცხადება უკვე მის სტანდარტსაც კი სცდება და სრულ ბოდვასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ქმნის გარემოს, რომ საქართველოს შეუნარჩუნოს ევროპული განვითარების მომავალი.
„სამწუხაროა, რომ ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ამ ტიპის ბოდვებშია გადასული. პაპუაშვილს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, საკუთარ სახეზე და ფორმაზე ისაუბროს. ნამდვილად დაკარგა სახე საქართველოს მოქალაქეების თვალში. რაც შეეხება, პროტესტის სახეს, შინაარსს და ფორმას, არც პაპუაშვილის გადასაწყვეტია ეს და არც ერთი ადამიანის. ის ადამიანები, ვინც იქ დგანან ყოველდღიურად, იცავენ საკუთარ მომავალს, მათ შორის საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, თავისუფლების და ეკონომიკური მდგომარეობის ხარჯზე. ამიტომ, პირველ რიგში, ძალიან მისასალმებელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დღეს ქუჩაში ვერ ვხედავდეთ იმ რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იყვნენ, ეს პროტესტი არსად გამქრალა. ჩვენი, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ამოცანა არის ის, რომ საქართველოში თავისუფალი სივრცეები არ დაიკარგოს. არც შედეგი არ არის პაპუაშვილის განსასაზღვრი, ის ადამიანები თვითონ საზღვრავენ შედეგს. ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის რესურსი და შესაძლებლობა, ამის გამოხატულებაა ის, რასაც ეს ადამიანები ყოველდღე დებენ. ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით გარემოს, რომ საქართველოს შევუნარჩუნოთ ევროპული დემოკრატიული განვითარების მომავალი მიუხედავად პაპუაშვილის სურვილებისა და ბოდვებისა. სულ რომ ერთი ადამიანიც იდგეს, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვახერხებთ, შევინარჩუნოთ დემოკრატიული სივრცე. რამდენი ადამიანი იდგება გარეთ ყოველ კონკრეტულ დღეს, ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი. ჩვენი, როგორც ოპოზიციური პარტიის მთავარი ამოცანაა, რომ იქნება ეს პარლამენტი, საკრებულოები, რეგიონები, ნებისმიერი სხვა ტიპის ფორმატი, არსად დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო“, – განაცხადა კეკენაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ოპოზიციური დღეთაღრიცხვით დღეს „პროტესტის“ 666-ე დღეა, ეს მრგვალი თარიღი კარგი შესაძლებლობაა, აღვწეროთ, როგორ გარდაიქმნა პოლიტიკური პროტესტის აქტივისტთა ჯგუფი ფსევდორელიგიურ მოძრაობად“.