თამარ კეკენაძე - ექსპრეზიდენტის მორიგი დაანონსება, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, კიდევ ერთხელ პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია
თამარ კეკენაძე - ექსპრეზიდენტის მორიგი დაანონსება, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, კიდევ ერთხელ პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში, ეს ჩვენი, „მესამე ძალის“ დღის წესრიგს ნამდვილად არანაირად არ ცვლის, თუმცა ექსპრეზიდენტის მორიგი დაანონსება, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, ეს არის კიდევ ერთხელ პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „მესამე ძალის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება ემსახურება მისი ამომრჩევლის მობილიზებას.

„სამწუხაროდ, ეს განცხადება წყალს ასხამს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე, რადგან ბოლო არჩევნებმა ანახა, რომ ამ ტიპის პოლარიზაციის შემდეგ საქართველოს ამომრჩეველი, ის შუალედური ამომრჩეველი, ვისაც არ უნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მობილიზდება ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხარეს. თუმცა წლევანდელი არჩევნები იქნება განსხვავებული რადგან ჩვენ, „მესამე ძალა“ ვართ ის ძალა, რომელიც ვთავაზობთ ალტერნატიულ არჩევანს“, – განაცხადა კეკენაძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.