თამარ კეკენაძე - ჩვენი ხედვა ეფუძნება სამუშაო ადგილების შექმნას, საშუალო ხელფასის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას

უკვე ცხრა წელია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ჩამოშალა ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობის კანდიდატმა, თამარ კეკენაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ ქვეყანას დაურღვია ფუნქცია და თითოეულ ჩვენგანს გაუნადგურა მომავალი. უკვე რამდენი არჩევნებია, ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხობელად ქცევის ხარჯზე ცდილობს, ამ არჩევნებს დაუკარგოს შინაარსი და არჩევნებს საერთოდ დაუკარგოს აზრი“, – განაცხადა კეკენაძემ.

თამარ კეკენაძის თქმით, თუ გვინდა, ეს პოლარიზება და დაპირისპირება დასრულდეს, 2 ოქტომბერს ახალი ძალით უნდა დავიწყოთ.

„იმ ადამიანებთან ერთად, ვინც საქმეზეა ორიენტირებული და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ვისაც კომპლექსური ხედვა აქვს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარების“, – განაცხადა კეკენაძემ.

თამარ კეკენაძემ ასევე განაცხადა, რომ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის ხედვა ეფუძნება სამ ძირითად პრიორიტეტს და ამოცანას. ეს არის პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნა, მეორე ეს არის საშუალო ხელფასის გაზრდა და მესამე – მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.