თამარ ჯაყელი - განათლების სამინისტროში ისეთი პროცესები დაიწყო, რაც ცოდნის საკლასო ოთახში რეალიზების საშუალებას იძლევა
თამარ ჯაყელი - განათლების სამინისტროში ისეთი პროცესები დაიწყო, რაც ცოდნის საკლასო ოთახში რეალიზების საშუალებას იძლევა

ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროში ისეთი პროცესები დაიწყო, რაც ცოდნის საკლასო ოთახში რეალიზების საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, თამარ ჯაყელმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პროცესებში უშუალოდ რომ არ ვიყო ჩართული, ამის დაჯერება გამიჭირდებოდა. მე ძალიან ბევრ რისკს ვხედავ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ ხედვას გასაქანი მიეცა, ძალიან დიდ იმედს მაძლევს. ამის დაფინანსებასთან დაკავშირება ამ იმედებს კიდევ უფრო მიმყარებს“, – განაცხადა ჯაყელმა.

მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ ფინანსები არ არის.

„რასაკვირველია, მხოლოდ თანხის მომატება არაფრის მომცემი არ არის. რამდენიმე თვის წინ სტატია დავბეჭდე, სადაც აღვნიშნე, რომ თუ იგივე სტრატეგიებითა და იგივე ბერკეტებით დავრჩებით, რაც ახლა გვაქვს, თანხის გაათმაგებაც არაფერს უშველის“, – განაცხადა ჯაყელმა.

როგორც განათლების ექსპერტმა აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დანახულია განათლების მნიშვნელობა.

„აღმშენებლობითი პროცესების დაძვრის და ინტენსიურად განვითარების ერთადერთი გზა მთელი თაობის გაზრდაა. ეს ჩვენი განათლების სისტემის დამსახურება არ არის, უფრო, მშობლების დამსახურება მგონია, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვზრდით ელიტარულ უმცირესობას, სადაც ძალიან დიდ ინვესტიციებს ისევ და ისევ მშობლები დებენ. თუ ჩვენ მთელი თაობა არ აღვზარდეთ, როგორც მოაზროვნე, საკუთარი თემის, ქვეყნის მიმართ მზრუნველი და უანგარო პასუხისმგებლობის მქონე, ასეთი სუბიექტებისგან შემდგარი თაობა თუ არ გავზარდეთ, მცირერიცხოვანი ელიტა ვერაფერს გახდება“, – განაცხადა ჯაყელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იძლევა თუ არა დღეს შემოთავაზებული კონცეფცია იმის გარანტიას, რომ ეს ამბიციური პროექტი რეალურად განხორციელდება და რამდენად განსაზღვრავს მის შედეგიანობას დაფინანსება, თამარ ჯაყელმა განაცხადა, რომ შედეგის მისაღწევად ბერკეტების მთლიანად გამოცვლაა საჭირო და ახლა, სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს.

„ეს უნდა იყოს არა კონტროლი და განაჩენის გამოტანა, არამედ უნდა იყოს კონტროლი განვითარების ხელშესაწყობად. ჩვენ ვაკონტროლებთ და ვჩეხავთ ადამიანებს, მაგრამ აქამდე რომ მოდიან, იმ პროცესებში დიდი ინვესტიციებია საჭირო, რომ განვითარებას შევუწყოთ ხელი. ამიტომ, კი არ გაჩეხო, კონტროლი გააკეთე, სად გაქვს პრობლემა და რაც მთავარია, ეს მხარდაჭერის სტრატეგიები მაქსიმალურად ამუშავე. ახლა, სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს. ანუ, ასე ვთქვათ, დემონტაჟი მიმდინარეობს იმ ბერკეტების, რაც მანამდე იყო“ , – განაცხადა თამარ ჯაყელმა.

განათლების ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლა სიამოვნებად იქცეს.