თამარ ჯამარიშვილი - წლებია, ველოდებით სახელმწიფოსა და ბანკებს შორის ურთიერთობის დაწყებას, რათა სტუდენტის სტატუსის აღდგენა შევძლოთ
თამარ ჯამარიშვილი - წლებია, ველოდებით სახელმწიფოსა და ბანკებს შორის ურთიერთობის დაწყებას, რათა სტუდენტის სტატუსის აღდგენა შევძლოთ

უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდა სულ რაღაც სამი დღით დამაგვიანდა და ამის გამო, გამოცდებზე არ დამიშვეს, – ამის შესახებ სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა, თამარ ჯამარიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად რაღაც გზა უნდა მეპოვა და ბანკს მივმართე. მივიტანე საბუთები, სადაც მითითებული იყო, რომ სტუდენტის სტატუსი მხოლოდ და მხოლოდ თანხის გადაუხდელობის გამო მქონდა შეჩერებული. დაიტოვეს მონაცემები ოჯახის წევრების შესახებ, რომლებსაც არც ერთ ბანკში ანგარიშზე თანხა არ ერიცხებოდათ. ცოტა ხნის შემდეგ დამირეკეს და სესხის გაცემაზე უარი მითხრეს“, – განაცხადა ჯამარიშვილმა.

მისი თქმით, კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები იმაზე არ არიან ორიენტირებული, რომ სტუდენტი გამოცდაზე გავიდეს.

„მათთვის ფინანსური მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების მხარე. ჩემს უნივერსიტეტშიც თანხა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება“, – განაცხადა სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, წლებია, მიდის საუბარი, რომ პრობლემის კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ რეალურად, სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა მოუგვარებელი რჩება. 

„წლებია, ველოდებით სახელმწიფოსა და ბანკებს შორის ურთიერთობის დაწყებას, რათა სტატუსის აღდგენა რაღაცნაირად შევძლოთ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?! არც ერთ კერძო დამსაქმებელს არ აქვს ისეთი ფორმულა, რაც სტუდენტს მუშაობაში ხელს შეუწყობს. არის რაღაც სამუშაოები, მაგრამ იქ ღამე უნდა გაათიო და მეორე დღეს უნივერსიტეტში მიხვიდე“,– განაცხადა ჯამარიშვილმა.

სტატუსშეჩერებულმა სტუდენტმა​ ასევე აღნიშნა, რომ განათლება და მისი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს პრიორიტეტი რეალურად უნდა იყოს.

„სახელმწიფომ ჩვენზე უნდა იზრუნოს და შემდეგში, სახელმწიფოზე ჩვენ თავად ვიზრუნებთ“, – განაცხადა თამარ ჯამარიშვილმა.