თამარ ჯაფარიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ხელი არ შეუშალონ
თამარ ჯაფარიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ხელი არ შეუშალონ

სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლმა, თამარ ჯაფარიძემ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, აზარტული თამაშების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ხელი არ შეუშალონ.

კერძოდ, თამარ ჯაფარიძე მოძრაობა „გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება სათამაშო ბიზნესს რეკლამის განთავსებას საკუთარ ტელევიზიაში სთავაზობს.

სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ.

„მოვუწოდებ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როდესაც საზოგადოება ძალიან დათრგუნულია ამ უბედური სენის გამო და ძლივს ამოიწია მუხტი, ნუ შეგვიშლიან ხელს, საზოგადოებას მოვუტანოთ ჯანსაღი ცხოვრება“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

თამარ ჯაფარიძის თქმით, „გირჩის“ წარმოდგენა ადამიანის თავისუფლებაზე არასწორია. მისივე განმარტებით, თავისუფალ პიროვნებას ადიქციური ქცევები არ უნდა ახასიათებდეს.

თამარ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არსებული მუხტი აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების მიღებაზე პოლიტიკურმა ფიგურებმა საკუთარი თავის პიარისთვის არ უნდა გამოიყენონ.