თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა, ჰიდეტო კავასაკიმ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა, ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც იაპონიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.