თამარ იოსელიანი – ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც ათი ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პროექტი გაზრდის გამტარუნარიანობას და საქართველოს რკინიგზას საშუალებას მისცემს, მგზავრებს ახალი მიმართულებები შესთავაზოს.
„სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მიმართულებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანის თქმით, აღნიშნული ტენდერი ტექნიკური მომსახურების შეძენასაც ითვალისწინებს.
„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ჩვენ შევისყიდით 10-წლიან მომსახურებას, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ტექნიკურ მომსახურებას, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ექსპლუატაციას“, – აღნიშნა იოსელიანმა.
საქართველოს რკინიგზა ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერს აცხადებს. ტენდერი 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ აშშ დოლარი.
ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.