თამარ იოსელიანი თბილისის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განმახორციელებელი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გამართა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალურ მოდელთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
ვიზიტის ფარგლებში amd.sigma-ს გუნდი შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
amd.sigma აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გზით შეირჩა. ის ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა და სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში.
კომპანია amd.sigma 2019 წლიდან Munich Airport International-ის (MAI) შემადგენლობაშია და მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის გამოცდილებასა და საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების განვითარების პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის წარმომადგენლებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრას, თამარ იოსელიანთან ერთად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკა გუნცაძე და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი ესწრებოდნენ.