თამარ იოსელიანი - შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს, როგორც ერთი სისტემა, საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიული კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
სესია საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.
თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდასა და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი.
„დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს, როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანმა ასევე ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ფუნქციას დერეფანში და აღნიშნა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საკუთარი როლის გასაძლიერებლად.
იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც დერეფნის აქტუალობას ადასტურებს.
„2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – კონტეინერბრუნვა 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 14 პროცენტით მეტია რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვების ოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა დერეფანში საკონტეინერო ნაკადების 33%-იანი ზრდა, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ეს იმპულსი მდგრად ზრდად ვაქციოთ ისეთი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც ეფექტური, თავსებადი და სრულად ინტეგრირებული იქნება მიწოდების რეგიონულ და ევროპულ ჯაჭვებში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დერეფნის მონაწილე ქვეყნების საბაჟო, ასევე სხვა პროცედურების სინქრონიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს დერეფნის დიგიტალიზაციასა და სხვა სახის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან.
„საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს, როგორც ერთი სისტემა – დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
პლენარული სესია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. სესიაზე ასევე განხილულ იქნა OECD-ს კვლევა – „ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება“.
OECD-ს ევრაზიის კვირეულში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.