თამარ იოსელიანი საფრანგეთის მანქანათმშენებლობის კომპანიის, „ალსტომის“ მმართველ დირექტორს შეხვდა
თამარ იოსელიანი საფრანგეთის მანქანათმშენებლობის კომპანიის, „ალსტომის“ მმართველ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში საფრანგეთის მსხვილი მანქანათმშენებელი კომპანიის, „ალსტომის“ მმართველ დირექტორს, ჟერომ ბოიეს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობით შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესზე, რომელიც ასევე მოიცავს რკინიგზის სავაგონე შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლებას.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარებისა და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით.

„აღსანიშნია, რომ „ალსტომის“ მმართველ დირექტორთან შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ფილიპ ტაბაროსთან, რომლის დროსაც მხარეებმა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების მონაწილეობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.