თამარ იოსელიანი – მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა, დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
„ზოგადად, მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რათა გაუმჯობესდეს როგორც საგზაო უსაფრთხოება, ასევე დავნერგოთ ახალი სისტემები გზებზე ვითარების გასაუმჯობესებლად, დავნერგოთ საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეს ციფრი 25%-მდე შემცირდეს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ როგორც სიჩქარის გადაჭარბების პრევენციებზე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გზებზე არასრულწლოვანთა უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.