თამარ იოსელიანი - მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომელიც ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნის ინიციატორია
ისტორიული დღის მომსწრენი ვართ, ფოთში საზღვაო განათლება ოფიციალურად დაბრუნდა, გაიხსნა ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, რომლის ინიციატორი და სულისჩამდგმელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის გახსნისას განაცხადა.
„მინდა, ამისთვის გულწრფელი და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მისი მხარდაჭერის გარეშე ჩვენ დღეს აქ არ შევხვდებოდით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, სასწავლებელი პირველ ეტაპზე მსურველებს მაღალი ხარისხის გადამზადებისა და მოკლევადიან სასერტიფიკაციო კურსებს შესთავაზებს.
თამარ იოსელიანის განმარტებით, ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობით მოხერხდა და საქართველოში პირველად, შესაძლებელი გახდა სრულად აღჭურვილი მეთევზე-მეზღვაურთა გადამზადების თანამედროვე სიმულატორის გახსნა.
„ასევე, დამატებით აღვჭურვეთ 10 სასწავლო ლაბორატორია, რომელიც ეტაპობრივად განვითარდება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ერთად სასწავლებლის განვითარებასა და აღჭურვაში თავისი წვლილი შეიტანა საზღვაო ინდუსტრიის თითქმის ყველა სეგმენტის წარმომადგენლებმა. ფოთში სასწავლებლის გახსნა საზღვაო და ზოგადად ტრანსპორტის დარგის მიმართ ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ნაწილია, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს პროფესიონალი კადრების გადამზადებას და საზღვაო სექტორის სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენელთა რაოდენობის გაზრდას; რაც ავტომატურად გულისხმობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონიდან პროფესიონალი კადრების გადინების შეჩერებას“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.