თამარ იოსელიანი - „ინდიგო“ იწყებს პირდაპირ ფრენებს მუმბაიდან, ამ მიმართულების ამოქმედება ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს გააძლიერებს
აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo) საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. 2 აგვისტოდან აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ პირდაპირ რეგულარულ რეისებს მუმბაიდან შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მუმბაის მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს ცალსახად გააძლიერებს.
„2 აგვისტოდან ინდოეთის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან თბილისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით. დელის შემდეგ, ეს მეორე პირდაპირი საჰაერო კავშირია ინდოეთთან. მუმბაი ინდოეთის უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, ხოლო ამ მიმართულების ამოქმედება ცალსახად გააძლიერებს ტურისტულ, ბიზნეს და კულტურულ ურთიერთობებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ნათლად ასახავს საქართველოს მიმართ ინდოეთის მზარდ ეკონომიკურ და ტურისტულ ინტერესს. შედეგად, საქართველო-ინდოეთს შორის კვირაში უკვე ათი პირდაპირი ფრენა განხორციელდება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
2025 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით 56 241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 123-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.